შაბათის ფორმულამ მოიპოვა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს დოკუმენტი სააკაშვილის მომდევნო პროცესზე განხილვის მთავარი თემა იქნება.
ექსპერტიზის დასკვნა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრით თარიღდება, მას ხელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დეივიდ სმიტი აწერს. დოკუმენტური მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, ოჯახმა და დაცვის მხარემ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად მიიღო. ტესტი მესამე პრეზიდენტის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების მიხედვით ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, ენემეს ლაბორატორიაში ჩატარდა. ამ შედეგების გადამოწმება ახლა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სურს.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.
"აღსანიშნავია, რომ ექიმმა შაჰინ ლახანმა პაციენტს საქართველოში პირადად გასინჯვის შემდეგ დაუსვა პოლიფარმაციის დიაგნოზი. ჩემი, როგორც ექსპერტის აზრით, რამდენიმე წამლის ერთდროულად მიღება დამტკიცებული ჩვენების გარეშე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის ფაილებიდან იკვეთება, შეიცავს საშიში გვერდითი ეფექტებისა და დამოკიდებულების სერიოზულ რისკს. გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ მედიკამენტი .... არის პრეპარატი, რომლის მოხმარების შეწყვეტასაც შეიძლება დასჭირდეს ხანგრძლივი პერიოდი. ამრიგად, ოპიოიდების ბოროტად გამოყენებასთან ერთად, იწვევს ავადობის და სიკვდილიანობის გაზრდილ რისკებს", - წერია დასკვნაში.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტოქსიკოლოგიურმა შემოწმებამ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოავლინა.
"ჩემი, როგორც ექსპერტის აზრით და ზემოთ მოყვანილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, შეუძლებელია ამ აგენტებიდან ბევრი მათგანი მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში წარმოადგენდეს სამედიცინო მკურნალობის შედეგს. ჩემი, როგორც ექსპერტის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს. ვერცხლისწყალი და სხვა აგენტები, როგორიცაა დარიშხანი, არ არის სამედიცინო დანიშნულების და ისინი ხელს უწყობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ დაქვეითებას", - წერია დოკუმენტში.
დევიდ სმიტის მიერ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და დარიშხანი პატიმრობის შემდეგ მოხვდა. კვლევის მიხედვით, თუკი მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაციის კურსი სწრაფად არ დაიწყება, მაშინ მისი სიკვდილის რისკი შეუქცევადად გაიზრდება.
"თუ დაუყოვნებლივ არ იქნება ჩატარებული მკურნალობა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და ზემოაღნიშნული დაავადებების მიმდინარეობა გაუარესდება, მათ შორის (და არა მხოლოდ), სახეზე გვექნება თეთრი ნივთიერებების შემცირება პრეფრონტალურ ქერქში, სერიოზული ავადობა და მნიშვნელოვნად გაიზრდება სიკვდილიანობის რისკი. უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი გარდაუვალია საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი დაუყოვნებლივ გადაყვანის, სათანადო სამედიცინო მკურნალობისა და დეტოქსიკაციის გარეშე", - წერს სმიტი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ის სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ან გადაუვადდეს. რეაბილიტაციისთვის კი, დოქტორი სმიტი რეკომენდაციას გასცემს, პაციენტი სამკურნალოდ სპეციალური პროფილის კლინიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანონ.
"პოლიფარმაციამ, რომელიც გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი 14 წამლის გამოწერის შედეგად, გამოიწვია ტვინის დისფუნქცია. პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო შეფასებისთვის და მან დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს დეტოქსიკაცია, როგორც მძიმე მეტალების, ისე მიღებული წამლებისგან, როგორიცაა ფენიბურვი", - წერს დასკვნაში ექსპერტი.
დასკვნაში მკვეთრად ნეგატიურად არის შეფასებული, ის მკურნალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ გაეწია რუსთავის მე-12, გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ექსპერტის შეფასებით შეუსაბამოა ის მკურნალობაც, რომელსაც მესამე პრეზიდენტს ვივამედში უტარებენ.
"მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა არ შეესაბამება სამედიცინო მომსახურების დადგენილ სტანდარტებს, რომლებიც დაფუძნებულია პრაქტიკის სტანდარტზე კალიფორნიაში ან რომელიმე რეგიონში, სადაც მე ვმუშაობდი მედიცინაში ჩემი კარიერის განმავლობაში", - ამბობს სმიტი.
ტოქსიკოლოგ დეივიდ სმიტს საქალაქო სასამართლო 29 დეკემბერს მოწმის სახით გამოიძახებს და მოუსმენს.